შეცდომების გასწორება
შეცდომა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი თანმხლები ნაწილია. უფრო მეტიც, ძალზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან გამოთქმა – შეცდომას არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებსო. შეცდომისაგან არც ბუღალეტრია დაზღვეული. ბუღალტრის საქმიანობაში, უფრო მეტიც – ფინანსურ ანგარიშგებაში შეცდომებს არ გამორიცხავას არც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები:
“ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან. შეცდომები შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო უყურადღებობით, არამედ ოპერაციების იდენტიფიცირებისა და შეფასების წესის სირთულით. ფინანსური ანგარიშგების მუხლების რაოდენობრივი შეფასება ზოგჯერ ისეთი რთულია, რომ საწარმომ შეიძლება საერთოდ არ ასახოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასეთი ოპერაციები” (ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურული აფუძვლები. მუხლი 34).
მიუხედავად ამისა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ შეცდომები სულაც არ არის აუცილებელი და სასურველი, ბუღალტრულ აღრიცხვაში განსაკუთრებით. თუმცა, როდესაც საწარმოში სრულდება დიდი რაოდენობისა და სხვადასხვა ხასიათის ოპერაციები, შეცდომები გამორიცხული არ არის.
ბუღალტრული შეცდომების ნაწილი ჩაწერისთანავე, ან ოდნავ მოგვიანებით ვლინდება, ზოგი შეცდომა კი მხოლოდ ივარაუდება, როდესაც ტოლი არ აღმოჩნდება:
*საცდელი ბალანსის სადებიტო და საკრედიტო ნაშთების ჯამები;
*საწყისი ნაშთების, ბრუნვებისა და საბოლოო ნაშთების ჯამები ბრუნვათა უწყისში;
*სვეტებისა და სტრიქონების, ბალანსის აქტივებისა და პასივების ჯამები ჭადრაკისებურ უწყისში;
*საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, ფულადი სახსრების ჯამური მოცულობები ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიშგების მიხედვით, არ ემთხვევა სალაროსა და ბანკის ანგარიშების ნაშთების ჯამს და ხვა.
ბუღალტრული შეცდომების ძირითადი სახეებია:
1. სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა არასათანადოდ გაფორმებული პირველადი დოკუმენტების საფუძველზე.
2. თანხების არასწორ ანგარიშზე მიკუთვნება, (ანგარიშების არასწორი კორესპონდენცია. არასწორი ბუღალტრული მუხლის შედგენა), ანუ არასწორი გატარება. ასეთი შეცდომა შეიძლება იყოს არსებითი და ნაკლებად არსებითი.
2.1. როდესაც გადახდილი ხელფასი ხარჯების ნაცვლად იწერება აქტივების ანგარიშის დებიტში, სახეზეა არსებითი შეცდომა. დაუსაბუთებლად იზრდება აქტივები, მცირდება ხარჯები და შესაბამისად ასევე დაუსაბუთებლად იზრდება მოგება.
2.2. როდესაც გადახდილი ხელფასი მიეკუთვნება იჯარის ან სხვა საოპერაციო ხარჯებს, შეცდომა ნაკლებად არსებითია.
3. როდესაც თანხის ჩაწერა ხდება ანგარიშის დებიტში ნაცვლად კრედიტისა და პირიქით.
4. როდესაც ხდება არასწორი თანხის ჩაწერა სწორად შერჩეულ მოკორესპონდენტო ანგარიშებზე.
5. როდესაც საერთოდ არ ხდება ოპერაციის ჩაწერა ბუღალტრულ ანგარიშებზე.
6. გამოტოვებულია ანგარიშის ნაშთი საცდელ ბალანსში ბრუნვათა უწყისში, ბალანსში და სხვა.
როდესაც ბუღალტრულ აღრიცხვაში ვლინდება შეცდომა, იგი უნდა მოიძებნოს და გასწორდეს. თუ შეცდომა არსებითია, ან შესამჩნევია მისი სიხშირე, აუცილებელია დაზუსტდეს მათი გამომწვევი მიზეზები და მიღებული იქნეს ადექვატური ზომები, მომავალში ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.
განსხვავებით სატრანსფორმაციო გატარებებისაგან, რომლებიც სრულდება სანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, შეცდომების მაკორექტირებელი გატარებები უნდა შესრულდეს შეცდომის გამოვლენისთანავე. სატრანსფორმაციო გატარება აისახება ერთ საბალანსო და ერთ მოგება-ზარალის ანგარიშზე. შეცდომის გასწორებისთვის კი შესაძლებელია ანგარიშების ნებისმიერი კომბინაცია.
გამოვლენილი შეცდომის გასწორებისათვის, აუცილებელია შევადაროთ სწორი და არსწორად გაკეთებული ჩანაწერები, რათა სწორად განვსაზღვროთ ის ანგარიშები და თანხები, რომლებიც უნდა შესწორდეს.
არსებობს ბუღალტრული შეცდომების გამოვლენისა და გასწორების არაერთი წესი (კორექტურული, შავი სტორნოს, დმატებითი გატარების, წითელი სტორნოს), დაშვებული შეცდომების ხასიათის, დოკუმენტის ფორმისა და დანიშნულების მიხედვით, რომელთა გამოყენება მოითხოვს გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას.
დაუშვებელია არასწორი ჩანაწერის ამოფხეკა, ამოშლა, არასწორად გაკეთებული ჩანაწერის დაფრავა ნებისმიერი სხვა საშუალებით. დაუშვებელია შესწორებების გაკეთება სალაროსა და ბანკის დოკუმენტებში. ყველა დანარჩენ დოკუმენტებში შეტანილი შესწორება აუცილებლად უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი პირის მიერ.
ქვემოთ, მაგალითებზეა განხილულია ბუღალტრული შეცდომების გამოვლენისა და გასწორების ძირითადი მიდგომები.
კორექტურული მეთოდი გამოიყენება, როდესაც შეცდომა გამოვლინდება პირველად დოკუმენტში, თანხის ბუღალტრულ რეგისტრებში გადატანამდე და დაჯამებაში მონაწილეობის მიღებამდე. ამ წესის თანახმად, არასწორად გაკეთებულ ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით და ზემოდან ეწერება სწორი თანხა.
ასეთი წესით გასწორებული შეცდომა გამორიცხავს ყოველგვარ გაუგებრობას, საჭიროების შემთხვევაში საშუალებას იძლევა ადვილად იქნეს აღდგენილი არასწორად გაკეთებული ჩანაწერი.
მას შემდეგ რაც არასწორი ჩანაწერი პირველადი დოკუმენტებიდან გადადის ბუღალტრულ რეგისტრებში, შეცდომების გასწორებისათვის აუცილებელია “დამატებითი გატარების”, “შავი სტორნოს”, “წითელი სტორნოს” მეთოდების გამოყენება.
დამატებითი გატარების მეთოდი-გამოიყენება, როდესაც ანგარიშების სწორი კორესპონდენციის პირობებში, ჩაწერილია შემცირებული თანხა. ჩაწერილი თანხის გასაზრდელად სწორ თანხამდე, (ჩაწერილ და სწორ თანხას შორის სხვაობის თანხით) კეთდება გატარება დანაკლისი თანხითა და ანგარიშთა იგივე კორესპონდენციით.
მაგალითი 24. საწარმომ შეძინა 1 500 ლარის საქონელი, ანგრიშსწორება მოახდინა ანგარიშსწორების ანგარიშიდან. ბუღალტერმა, ანგარიშთა სწორი კორესპონდენციის პირობებში შეცდომით გააკეთა გატარება:
დებიტი. 1610. საქონელი 1 200
კრედიტი. 1210. ბანკი 1 200
გამოვლენილი შეცდომის გასასწორებლად გაკეთდება გატარება
დებიტი. 1610. საქონელი 300
კრედიტი. 1210. ბანკი 300
შავი სტორნოს მეთოდი. ეს მეთოდი ითვალისწინებს შებრუნებული გატარების გაკეთებას, რომლითაც უქმდება არასწორად გაკეთებული ჩანაწერი.
მაგალითი 25. დავუშვათ, რომ საწარმომ შეიძინა 5 000 ლარის დანადგარი. ანგარიშსწორება მოახდინა სალაროდან. ბუღალტერმა შეცდომით გააკეთა გატარება
დებიტი. 1620. მასალები. 5 000
კრედიტი. 1110. სალარო 5 000
შეცდომის გამოვლენის შემდეგ კეთდება გატარება:
დებიტი. 2150. დანადგარები 5 000
კრედიტი. 1620. მასალები 5 000
მასალების 1610 ანგარიშზე საკრედტო ჩანაწერით უქმდება არასწორად გაკეთებული ჩანაწერი.
მაგალითი 26. საწარმომ შეიძინა 3 000ლარი მასალები, ანგარიშსწორება მოახდინა ბანკიდან. ბუღალტერმა შეცდომით: შეძენილი მასალები აღრიცხა საქონლი 1610 ანგარიშზე, თანხა კი ნაცვლად ბანკის ანგარიშისა, ჩამოწერა სალაროს 1110 ანგარიშიდან. სხა სიტყვებით თუ ვიტყვით გატარება გააკეთა არასწორად შერჩეულ მოლორესპონდენტო ანგარიშებზე
დებიტი. 1610. საქონელი 5 000
კრედიტი. 1110. სალარო 5 000
გამოვლენილი შეცდომის გამოსასწორებლად კეთდება შებრუნებული გატარება
დებიტი. 1110. სალარო 5 000
კრედიტი. 1610. საქონელი 5 000
ადვილი მისახვედრია, რომ შებრუნებული გატარებით გაუქმდა ადრე გაკეთებული არასწორი გატარება, აღდგა მდგომარეობა, რომელიც იყო არასწორი გატარების შესრულებამდე. შეცდომის საბოლოოდ გასწორებისათვის აუცილებელია გაკეთდეს სწორი გატარება
დებიტი. 1620. მასალები 5 000
კრედიტი. 1210. ბანკი 5 000
მე-2 და მე-3 მაგალითებში გამოყენებული შეცდომების გასწორების წესი, ცნობილია “შავი სტორნოს” წესის სახელით. ტრადიციულ, რეფორმებამდელ ბუღალტრულ აღრიცხვში ეს მეთოდი არ გამოიყენებოდა, რადგან იწვევს ბრუნვების ზრდას იმ ანგარიშებზე, რომლებზეც ხდება შეცდომით არასწორი ჩანაწერების გასწორება.
დღეს, როდესაც ფინანსური ანგარიშგება დგება გარეშე მომხმარებელებისათვის და ფინანსური ბუღალტრული აღრიცხვა საერთოდ არ ითვალისწინებს “ბრუნვებსა” და “ბრუნვათა უწყისს”, შეცდომების გასწორების ამ Mმეთოდის გამოყენება ვერ შეუქმნის რაიმე არსებით პრობლემას, ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
მაგალითი 27. საწარმომ შეიძინა 700 ლარის ოფისის მოწყობილობა, გასცა თამასუქი. ბუღალტერმა შეცდომით შედგინა მუხლი
დებიტი 2150. დანადგარები 70
კრედიტი. 3390. გაცებული თამასუქები 70
სწორი გატარება იქნებოდა
დებიტი. 2160. ოფისის მოწყობილობა 700
კრედიტი. 3390. გაცებული თამასუქები 700
როგორც ვხედავთ არასწორად არის წარმოდგენილი 3 ანგარიში:
1. დანადგარების ანგარიში გაზრდილია 70 ლარით;
2. გაცემული თამასუქები შემცირებულია 630 ლარით;
3. ოფისის მოწყობილობა შემცირებულია 700ლარით.
შემასწორებელი გატარება იქნება
დებიტი. 2160. ოფისის მოწყობილობა 700
კრედიტი. 2158. დანადგარები 70
კრედიტი. 3390. გაცემული თამასუქები 630
წითელი სტორნოს მეთოდი-გამოიყენება, როდესაც:
1. ანგარიშების არასწორი კორესპონდენციისას ოპერაცია ჩაწერილია სწორი თანხით.
2. ანგარიშების სწორი კორესპონდენციისას ოპერაცია ჩაწერილია არასწორი თანხით.
3. აუცილებელია ცალკეული სააღრიცხვო მონაცემის კორექტირება.
იმ ადგილზე სადაც დაშვებულია შეცდომა, არასწორად ჩაწერილი მუხლის თანხას ჩაწერენ წითელი მელნით. თუ შესწორება ხედება შავი მელნით, შემასწორებელი ჩანაწერი კეთდება მინუს (-) ნიშნით (ან ჩაისმება ოთხკუთხა ჩარჩოში). ასეთი ჩანაწერით უქმდება წინა არასწორი ჩანაწერი, რის შემდეგაც დგება ახალი მუხლი.
მაგალითი 28. საწარმომ შეიძინა 500 ლარის საქონელი. ანგარიშსწორება მოახდინა ანგარიშსწორების ანგარიშიდან. ბუღალტერმა შეცდომით შეადგინა მუხლი (არასწორი გატარება), არასწორად შეარჩია მოკორესპონდენტო ანგარიშები:
დებიტი. 1620. მასალები 500
კრედიტი. 1210. ბანკი 500
შეცდომის გამოვლენისთანავე ბუღალტერი ადგენს წითელ სტორნოს, ანუ შეცდომით ჩაწერილ მუხლს იმეორებს წითელი მელნით (ან მინუს ნიშნით)
დებიტი. 1620. მასალები -500
კრედიტი 1210. ბანკი -500
ასეთი ჩანაწერით გაუქმდა არასწორი მუხლი, რის შემდეგაც კეთდება სწორი ჩანაწერი
დებიტი. 1610. საქონელი 500
კრედიტი. 1210. ბანკი 500
მაგალითი 29. საწარმომ შეიძინა 500 ლარის საქონელი. ანგარიშსწორება მოახდინა ანგარიშსწორების ანგარიშიდან. ბუღალტერმა სწორად შეადგინა მუხლი (სწორად შეარჩია მოკორესპონდენტო ანგარიშები), მაგრამ არასწორად ჩაწერა თანხა – 550 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა:
დებიტი. 1610. საქონელი 550
კრედიტი. 1210. ბანკი 550
შეცდომის გამოვლენისთანავე ბუღალტერი ადგენს წითელ სტორნოს, ანუ შეცდომით ჩაწერილ მუხლს იმეორებს წითელი მელნით (ან მინუს ნიშნით)
დებიტი. 1610. საქონელი -550
კრედიტი. 1210. ბანკი -550
ასეთი ჩანაწერით გაუქმდა არასწორი მუხლი, რის შემდეგაც კეთდება სწორი ჩანაწერი
დებიტი. 1610. საქონელი 500
კრედიტი. 1210. ბანკი 500
თუ ანგარიშებს დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ წითელი სტორნოს წესით (წითელი მელნით, ან მინუს ნიშნით) გაკეთებულ ჩანაწერები ჯამში (ბრუნვაში) არ შედის.
არ არის გამორიცხული, რომ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ერთმანეთს არ დაემთხვეს აქტივებისა და პასივების ჯამები. ასეთ შემთხვევაში, თუ შეცდომის მოძებნა და ბალანსის მხარეების ტოლობის აღდგენა დაუყოვნებლივ არ მოხერხდა, ტოლობის აღსადგენად იხსნება სპეციალური დროებითი დამხმარე ანგარიში 5300 ანგარიშების ჯგუფში “საკომპენსაციო ანგარიში”, რომელზეც კეთდება ჩანაწერი ბალანსის ტოლობის აღსადგენად.
დავუშვათ, რომ ბალანსის აქტივების ჯამი 25 ლარით აჭარბებს პასივების ჯამს. თუ დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდა შეცდომის გამოვლენა, საკომპენსაციო ანგარიშის კრედიტის მხარეს ჩაიწერება 25 ლარი. ამ ანგარიშის ნაშთის ბალანსში გადატანით აღდგება ბალანსის მხარეების ტოლობა. რა თქმა უნდა პრობლემები ამით არ ამოიწურება, აუცილებელია დაშვებული შეცდომების დროული მოძებნა და გამოსწორება.
როდესაც ბალანსის აქტივების ჯამი 25 ლარით მეტია პასივების ჯამზე სავარაუდოა, რომ:
ა. აქტივების ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე გაკეთებულია 25 ლარით მეტი ჩანაწერი, ან
ბ. პასიურ ანგარიშზე ან ანგარიშებზე გაკეთებული 25 ლარით ნაკლები ჩანაწერი.
როდესაც შეცდომა გამოვლინდება კეთდება დამატებითი გატარება:
ა. როდესაც ნაკლები თანხა ჩაწერილია საკომპენსაციო ანგარიშის კრედიტში, ჩანაწერი კეთდება ამ ანგარიშის დებიტში და მოკორესპონდენტო პასიური ანგარიშის (ანგარიშების) კრედიტში, რომელზეც გამოვლინდა დაშვებული შეცდომა.
ბ. როდესაც მეტი თანხა ჩაწერილია საკომპენსაციო ანგარიშის დებიტში, ჩანაწერი კეთდება ამ ანგარიშის დებიტში და მოკორესპონდენტო აქტიური ანგარიშის (ანგარიშების) დებიტში, რომელზეც გამოვლინდა დაშვებული შეცდომა.
როდესაც საცდელ ბალანსს ვეცნობოდით, ხაზი გავუსვით მისი სადებიტო და საკრედიტო ნაშთების სვეტების ჯამების უპირობი ტოლობის აუცილებლობას. აღვნიშნეთ ისიც, რომ ჯამების ტოლობა არ იძლევა წარმოებული აღრიცხვის უშეცდომობის გარანტიას. საცდელი ბალანსის სადებიტო და საკრედიტო სვეტების ჯამების ტოლობა აუცილებელი მაგრამ არა საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ შეცდომის არარსებობაში.
საცდელი ბალანსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვავლინოთ:
1. გამოტოვებული სამეურნეო ოპერაცია;
2. არასწორად ჩაწერილი თანხა, რადგან იგი ერთნაირად იწერება, როგორც დებიტში ისე კრედიტში.
აღნიშნულის გარდა საცდელი ბალანსის შედგენისას შესაძლოა კიდევ ორი სახის შეცდომა:
1. თანხის ჩაწერა დებიტის სვეტში, ნაცვლად კრედიტის სვეტისა; და
2. ციფრების გადაადგილება რიცხვში, მისი საცდელ ბალანსში გადატანისას. მაგ. 45 365-ს ნაცვლად 45 635-სა.
პირველ შემთხვევაში, საცდელი ბალანსის სადებიტო და საკრედიტო სვეტების ჯამების სხვაობა უნაშთოდ გაიყოფა 2-ზე, მეორე შემთხვევაში 9-ზე.
როდესაც საცდელი ბალანსი არ არის დაბალანსებული (სადებიტო და საკრედიტო სვეტების ჯამები არ არის ტოლი) და ნაშთების დაჯამების სიზუსტე ეჭვს არ იწვევს, უნდა გამოვთვალოთ სადებიტო და საკრედიტო სვეტების (სალდოების) ჯამების სხვაობა და მიღებული შედეგი გავყოთ ჯერ 2-ზე, მერე 9-ზე.
თუ სხაობა უნაშთოდ გაიყო 2-ზე, მოძებნეთ საცდელ ბალანსში განაყოფის ტოლი თანხა. თუ ასეთი თანხა აღმოჩნდება, ძალზე სავარაუდოა, რომ სწორედ ეს თანხა არ არის ჩაწერილი სწორ სვეტში (დებიტის სვეტის ნაცვლად კრედიტის სვეტში, ან პირიქით).
თუ თანხა უნაშთოდ გაიყო 9-ზე, გადაამოწმეთ ყველა ნაშთი მთავარ წიგნში, დარწმუნდით, რომ ყველა რიცხვი სწორად არის გადმოტანილი ანგარიშების ნაშთებიდან საცდელ ბალანსში.
თუ არც ამ გზით არ მოხერხდა საცდელი ბალანსის მხარეების ტოლობის აღდგენა, მოგიწევთ გადაამოწმოთ რამდენად სწორად არის:
ა. გაკეთებული ჩანაწერები ჟურნალში,
ბ. გადატანილი ჩანაწერები ჟურნალიდან მთავარი წიგნის ანგარიშებში;
დ. სწორად არის გამოყვანილი ნაშთები; და
ე. ყველა ნაშთი სწორად არის გადატანილი შესაბამის სვეტში.