საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას – საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით. საქონლის რეექსპორტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში – საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.

წარმოშობის სერტიფიკატებს გასცემენ:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახური”;
  • სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა”;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ოთხი სახისაა:

– საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა ”A”;
– საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;
– პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
– პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.

1) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (ფორმა “A”) – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში ექსპორტისას სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ქვეყნები – აშშ, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, შვეიცარია, ნორვეგია.

წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

– განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის თერთმეტნიშნა დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას;
– დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ;
– გარიგების მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
– ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

2) არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი – საქონლის შეღავათების გარეშე ( არაპრეფერენციული ) წარმოშობის სერტიფიკატს ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში საქონლის გატანის დროს, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო; სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

აუცილებელი დოკუმენტები:

– განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას;
– დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ;
– გარიგების მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
– ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

3) პრეფერენციული წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი – გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. მას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო; სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ქვეყნები: დსთ-ს ქვეყნები.

აუცილებელი დოკუმენტები:

– განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას;
– დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ;
– გარიგების მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
– ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

4) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 – გაიცემა  ” საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად. სერტიფიკატს გასცემენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო; სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოები; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ქვეყნები: თურქეთის რესპუბლიკა.

აუცილებელი დოკუმენტები:

  • განცხადება, რომლის ფორმას მიიღებთ სამინისტროში;
  • დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ;
  • გარიგების მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
  • ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

სერტიფიკატი გაიცემა უფასოდ ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

Similar Posts