სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არსი და უპირატესობები
პარადოქსია მაგრამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 2015 წელს პირველადი მონაცემების მიხედვით 17%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ამ სექტორში დასაქმებულთა პროცენტული რიცხვი მთლიანად დასაქმებული მოსახლეობის 55-60% -ია. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმას რომ სოფლის მეურნეობაში რესურსები არაეფექტიანად გამოიყენება.
ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი შესაძლოა დანაწევრებულ მიწებში და მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ვეძებოთ. იმის ფონზე, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, პატარა ნაკვეთზე დანახარჯები დიდ ტვირთად აწვება ქართველ ფერმერს. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არარენტაბელურია.
ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაცია საქართველოში ფერმერული მეურნეობების განვითარებაა. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის სწორად განვითარებისათვის.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, კოოპერატივი ეწოდება წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებულ ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილ საზოგადოებას. კოოპერატივის შექმნის შესაძლებლობა მაღალმთიან რეგიონებში სამ გლეხს, ხოლო საქართველოს სხვა ნაწილში ხუთს გლეხს შეუძლია.
რა საგადასახადო შეღავათები ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე?
მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი)
- 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება;
2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან;
საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“ 2013 წლის 12 ივლისს მიიღო. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ (http://acda.gov.ge/ ), რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.