ოფშორული ზონები

ოფშორული ზონა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განსაკუთრებული სახე, სადაც შეღავათიანი რეჟიმი მიმზიდველ გარემოს ქმნის კომპანიებისთვის თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად. ოფშორული ზონისთვის დამახასიათებელია სავალუტო შეზღუდვის არარსებობა, მოგებათა თავისუფალი გატანის შესაძლებლობა, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონე, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები, კომპანიის მფლობელთა სრული ანონიმურობისა და კონფიდენციალობის დაცვა.

ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიას არ მოეთხოვება იყოს იმ ქვეყნის რეზიდენტი, სადაც მდებარეობს ოფშორული ცენტრი. ტერიტორიები, სადაც მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო გარემო, უმეტესწილად, განლაგებული არიან კუნძულებზე.

ლიბერალური საგადასახადო გარემო შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად:

1. ოფშორული ზონები რომლებიც არ აწესებენ გადასახადს მოგებასა და კაპიტალზე. ამ ქვეყანათა მთავრობა შემოსავალს იღებს განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადით, მაგალითად სიმბოლური გადასახადი კომპანიის საწესდებო კაპიტალის ოდენობაზე და წლიური სარეგისტრაციო გადასახადი.

2. ოფშორული ზონები, რომლებიც აწესებენ გადასახადს კორპორაციულ შემოსავალზე. ეს გადასახადი ეხება მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების მიერ მიღებულ შემოსავალს და არ მოიცავს არანაირ საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობას.

3. ოფშორული ზონები, რომლებიც აწესებენ დაბალ გადასახადს კომპანიის ყველა შემოსავალზე მისი ამოღების ადგილის მიუხედავად. ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ამ ქვეყნებმა მრავალრიცხოვანი შეთანხმებები დადეს იმ ქვეყნებთან, რომელთაც დაბეგვრის მაღალი დონე აქვთ, რაც ზოგ შემთხვევაში კაპიტალის ოპტიმალურად გადაქაჩვის შესაძლებლობას იძლევა ერთი ქვეყნიდან მეორეში.

4. ოფშორული ზონები, რომლებიც აწესებენ თითქმის ყველა გადასახადს, მაგრამ, ამავე დროს არსებობს შეღავათები ზოგიერთი სპეციალიზებული კომპანიებისათვის.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თანდათანობით ყალიბდება და ძლიერდება “ანტიოფშორული” კანონმდებლობა, ვინაიდან ოფშორული მექანიზმების ფართოდ გამოყენების შედეგად განვითარებული სამრეწველო ქვეყნები კარგავენ მრავალმილიონიან შემოსავლებს. ყველა ეს თანხა თავს იყრის ოფშორულ ცენტრებში, შემდეგ კი ბრუნდება სამშობლოში უცხოური ინვესტიციის სახით, საგადასახადო და სხვა შეღავათების მოთხოვნის პირობებით.

Similar Posts