ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს

ფინანსური რესურსი “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა” „საქართველოს ბანკს” გადასცა, რომელიც პროგრამას ოპერირებას გაუწევს – შესაბამისი ხელშეკრულება ორგანიზაციებს შორის დღეს თბილისში გაფორმდა.

პროგრამა “DCFTA Facility”-ის ფარგლებში გათვალისწინებულია სარგებელი და შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის:

მეწარმეები მიიღებენ კრედიტებს ადგილობრივ ვალუტაში, რომელთა ვადიანობა 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი – 2 წლით განისაზღვრება. ევრობანკში საპროცენტო განაკვეთის მოცულობას არ ასახელებენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ სხვა სესხებთან შედარებით ხელსაყრელი იქნება.
საინვესტიციო და მასტიმულირებელი ფაქტორის სახით, სესხის 15% საწარმოებს უკან დაუბრუნდებათ, რაც ნიშნავს, რომ ამ თანხას, პრაქტიკულად, საჩუქრად მიიღებენ.
პირველი სესხის რისკის დაზღვევა უზრუნველყოფილია საწარმოებისთვის განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის, თითქმის, 10 პროცენტზე.
პროგრამის ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოები საერთაშორისო ექსპერტებისგან უფასო ტექნიკური დახმარებას მიიღებენ.
საწარმოებს ახალ ტექნოლოგიებსა და აპრატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდებაში ხელს შეუწყობენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი ადგილობრივ ვალუტაში საქართველოში მოქმედ არცერთ კომერციულ ბანკს აქამდე არ მიუღია.

“DCFTA Facility”-ის პროგრამის მოქმედების არეალი საქართველოსთან ერთად მოლდავეთსა და უკრაინასაც მოიცავს, მისი მთლიანი ღირებულება კი, დაახლოებით, 200 მილიონი ევროა. შესაბამისად, პროგრამიდან ყველაზე დიდი წილი საქართველოს ერგო.

Similar Posts