სატრანსფორმაციო გატარებები

სამეურნეო საქმიანობში ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაცია ცვლილებებს იწვევს საწარმოს აქტივებში, პასივებსა და კაპიტალში, შემოსავლებსა და ხარჯებში,ს ერთზე მათ საანგარიშგებო პერიდში. ასეთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება სამეურნეო ოპერაციის შედეგების გადანაწილება შესაბამის საანგარიშგებო პერიოდებზე, ანუ ტრანსფორმაცია_სატრანსფორმაციო გატარებების მეშვეობით. (ბუღალტრულ ლიტერატურაში, სატრანსფორმაციო გატარებები შესაძლოა შეგხვდეთ მომწესრიგებელი ან გატარებების სახელითაც).
სატრანსფორმაციო გატარებებს საფუძვლად უდევს ბუღალტრული აღრიცხვის სამი პრინციპი:
ა. საანგარიშგებო პერიოდის პრინციპი_საწარმოს უწყვეტი საქმიანობის ხანგრძლივობა დაყოფილია დროის მონაკვეთებად, რომელთა მიხედვითაც საწარმო ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას.
ბ. შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების პრინციპი_შემოსავლები აღიარებული და აღრიცხული უნდა იქნეს იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მოხდა მათი მიღება; და ხარჯები იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც მოხდა მათი გაწევა.
გ. შესაბამისობის პრინციპი_შემოსავლები უნდა შეესაბამებოდეს იმ ხარჯებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ შემოსავლების მიღებაში.
სატრანსფორმაციო გატარებები არის ორი სახის: გადავადება და დარიცხვა. ორივე შემთხვევაში ერთი ჩანაწერი კეთდება საბალანსო-მუდმივ და მეორე ჩანაწერი დროებით_მოგება/ზარალის ანგარიშზე.

გადავადების სატრანსფორმაციო
გატარებები

გადავადებები გამოიყენება მომავალი პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად.
გადავადება_ხარჯების მიკუთვნება ორ და მეტ საანგარიშგებო პერიოდზე. საწარმოს ხშირად უხდება თანხების გადახდა, რომელებიც გავლენას ახდენს მის ფინანსურ მდგომარეობზე ერთზე მეტ საანგარიშგებო პერიოდში. როგორც წესი ასეთი გადახდები სრულად მიეკუთვნება აქტივებს და რჩება აქტივების შემადგენლობაში, მათი ხარჯებად აღიარებამდე. მორიგი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, ამ პერიოდის ფაქტიური ხარჯის შესაბამისი თანხა აქტივის ანგარიშიდან გადაიტანება შესაბამისი ხარჯების ანგარიშზე.
ხარჯების გადავადების ტიპიური მაგალითია ავანსად გადახდილი თანხები იჯარის ქირის, სადაზღვევო პრემიის, ჟურნალ გაზეთებზე ხელმოწერის სახით და სხვა. ასეთი გადახდებს ხშირად უწოდებენ წინასწარ გადახდილ (წინასწარ გაწეულ) ხარჯებს. ასეთი ხარჯების გადახდა ხდება მოცემულ, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში, მაგრამ ხარჯებად აღიარდება მომდევნო საანგარიშგებო პეროდებში, როდესაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ შემოსავლების მიღებაში.
მაგალითი 16. საწარმომ მიმდინარე 2010 წლის 25 დეკემბერს გადაიხადა მომავალი წლის პირველი კვარტლის სამი თვის იჯარის ქირა 900 ლარი, 300 ლარი, ყოველი თვის საიჯარო მომსახურებისათვის.
როგორც აღვნიშნეთ წინასწარ გადახდილი ხარჯები აღირიცხება აქტივებში. ამისათვის მოკლევადიანი აქტივების ანგარიშებში არის ქვეჯგუფი 1710 “წინასწარ გაწეული ხარჯები”. წინასწარ გადახდილი იჯარის ქირის აღსარიცხავად ამ ჯგუფიდან შევირჩიოთ ანგარიში 1710 “წინასწარ გადახდილი იჯარა”. გატარებს ექნება სახე:

25.12.2010. დებიტი. 1710. წინასწარ გადახდილი იჯარა 600
კრედიტი 1210. ანგარიშსწორების ანგარიში 600

წინასწარ გადახდილი იჯარის ქირა რჩება აქტივების 1710 ანგარიშზე. ანგარიშის ნაშთი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გადადის ბალანსში, მოკლევდიანი აქტივების შემადგენლობაში.
2011 წლის იანვრის ბოლოს, როდესაც საწარმოს მიიღებული აქვს იანვრის თვის საიჯარო მომსახურება, ხდება წინასწარ გადახდილი იჯარის ქირის ნაწილის, ერთი თვის იჯარის ქირას აღიარება იანვრის თვის იჯარის ხარჯად, რისთვისაც 1710 ანგარიშიდან ჩამოწერება 300 ლარი და გადაიტანება 7420 ანგარიშზე “იჯარის ქირა”. გატარებას ექნება სახე:

31.01.2011. დებიტი. 7420. იჯარის ქირა 300
კრედიტი. 1710. სინასწარ გადახდილი იჯარა 300

როგორც უკვე აღვნიშნეთ სატრანსფორმაციო გატარება შეეხო ერთ საბალანსო_1710 და ერთ მოგება/ზარალის_7420 ანგარიშს. გატარება სრულად პასუხობს ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისობის პრინციპსა და სატრანსფორმაციო გატარების მიზანს_საიჯარო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი აღიარებული და აღრიცხული იქნა იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა შემოსავლების მიღებაში.
სანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, 31 იანვარს, 1710 ანგარიშის ნაშთი იქნება 600 ლარი, რომელიც გადავა ბალანსში. 7420 ანგარიში ”იჯარის ქირა” დაიხურება და ნაშთი 300 ლარი, იანვრის თვის იჯარის ხარჯი, გადავა 5330 ანგარიშზე ”საანგარიშგებო წლის მოგება/ზარალი” ხარჯების ნაწილში.
იგივე პროცედურები შესრულდება მომდევნო თებერვლისა და მარტის თვეების ბოლოს.
თუ საანგარიშგებო წლის ბოლოს არ შევასრულებდით სატრანსფორმაციო გატარებას, ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივები გვექნებოდა გაზრდილი და ხარჯები შემცირებული.
შემოსავლების გადავადება. ისევე, როგორც ხარჯები, საწარმოს შემოსავლები შესაძლოა გაუჩნდეს მათზე უფლების მიღებამდე. განვიხილოთ იგივე მაგალითი იჯარის გამცემის პოზიციიდან.
მაგალითი 17. 2010 წლის 25 დეკემბერს, საწარმომ (მეიჯარემ, იჯარის გამცემმა) ავანსად მიიღო 900 ლარი, 2011 წლის პირველი სამ თვეში მოიჯარისათვის (იჯარის ამღებისათვის) გასაწევი საიჯარო მომსახურებისათვის. ნათელია, რომ საწარმომ მიიღო თანხა მომსახურებისათვის, რომელიც მას არ გაუწევია. ასეთ შემთხვევაში მიღებული თანხა, წარმოქმნის მეიჯარის ვალდებულებას მოიჯარის მიმართ, გაუწიოს მას საიჯარო მომსახურება, რომლისთვისაც წინასწარ აქვს მიღებული ანაზღაურება. ასეთი სახის წინასწარ მიღებული ანაზღაურება ცნობილია გადავადებული შემოსავლების (“გამოუმუშავებელი შემოსავლების”. “მიღებული ავანსების”, “მომავალი პერიოდის შემოსავლების”) სახელითაც.
გადავადებული შემოსავლები აისახება 3120 ანგარიშზე “მიღებული ავანსები” (”გადავადებული შემოსავლები”), მოკლევდიანი აქტივების 3100 ანგარიშების ქვეჯგუფიდან, ფულადი სახსრების ანგარიშების დებიტთან კორესპონდენციით. გატარებას ექნება სახე:

25.12.2010. დებიტი. 1110. სალარო 900
კრედიტი. 3120. მიღებული ავანსები 900

2010 წლის ბოლოს, ფინანსური ანგარიშის მომზადებისას, 3120 ანგარიშის ნაშთი გადადის ბალანსში, მოკლევადიანი ვალდებულებების შემადგენლობაში.
2011 წლის იანვრის ბოლოს, როდესაც საწარმომ უკვე გაუწია მოიჯარეს საიჯარო მომსახურება, იგი აღიარებს იანვრის თვის შემოსავალს ასეთი მომსახურების გაწევიდან, რისთვისაც ერთი თვის საიჯარო ქირას ჩამოწერს მიღებული ავანსების ანგარიშიდან და გადაიტანს 8150 ანგარიშის “საიჯარო შემოსავლები” კრედიტში, არასაოპერაციო შემოსავლების ანგარიშების 8100 ანგარიშების ქვეჯგუფიდან. გატარებას ექნება სახე:

31.01.2011. დებიტი. 3120. მიღებული ავანსები 300
კრედიტი. 8150, საიჯარო შემოსავლები 300

სატრანსფორმაციო გატარება ჩაიწერა ერთ საბალანსო (3120) და ერთ მოგება/ზარალის (8150) ანგარიშზე.
თვის ბოლოს, ფინანსური ანგარიშის მომზადებისას, 3120 ანგარიშის ნაშთი 600 ლარი გადავა ბალანსში, მოკლევადიანი ვალდებულებების შემადგენლობაში. 8150 ანგარიში დაიხურება, ნაშთი გადავა მოგება/ზარალის ანგარიშის კრედიტში, შემოსავლების შემადგენლობაში და მონაწილეობას მიიღებს იანვრის თვის ფინანსური შედეგების ფორმირებაში.
თუ არ შევასრულებდით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს სატრანსფორმაციო გატარებას, ფინანსურ ანგარიშგებაში: ვალდებულებები გვექნებოდა გაზრდილი, შემოსავლები შემცირებული.
იგივე პროცედურები შესრულდება მომდევნო ორი თვის, თებერვლისა და მარტის ბოლოს.
საწარმოს მიერ მიღებული საიჯარო შემოსავლები აღვრიცხეთ არასაოპერაციო შემოსავლების ანგარიშზე. ასეთი გატარება სამართლიანია, როდესაც ქონების იჯარით გაცემა არ წარმოადენს საწარმოს ძირითად, ჩვეულებრივ საქმიანობას. მაგალითად. როდესაც, მანქანათმშენებელი ფირმა იჯარით გასცემს დროებით თავისუფალ ფართს, ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავალი განეკუთვნება არასაოპერაციო შემოსავლებს და აღირიცხება შესაბამის ანგარიშზე, არასაოპერციო შემოსავლების ჯგუფიდან.
როდესაც საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ქონების იჯარით გაცემა და ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავლება წამოადგენს მისი შემოსვლების ძირითად წყაროს, საიჯარო შემოსავლები აღირიცხება საოპერაციო შემოსავლების 6110 ანგარიშზე.

დარიცხვები – არარეგისტრირებული შემოსავლებისა
და ხარჯების აღიარება

არარეგისტრირებული შემოსავლები. არარეგისტრირებულია შემოსავლები, რომელთა მიღებსა და განკარგვის უფლება მიღებული აქვს საწარმოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში, მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურებისათვის, თუმცა ფული არ მიუღია და ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებში.
ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი გარემოება:
ა. ბუღალტრული აღრიცხვის დარიცხვის მეთოდის თანახმად, რეალიზაცია, შემოსავლები და ხარჯები არ არის დამოკიდებული ანგარიშსწორებასთან_ფულის მიღებასა და გაცემასთან.
ბ. ბუღალტრული აღრიცხვის შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების პრინციპის თანახმად შემოსავლები აღიარებული და აღრიცხული უნდა იქნეს მათი მიღების, ხარჯები კი გაწევის მომენტში, მიუხედვად ფულის მიღებისა და გაცემისა.
მიუღებელი თანხები მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის, საწარმოს უქმნის აქტივს_მოთხოვნას, უფლებას, მიიღოს მოვალისაგან გაწეული მომსახურების შეთანხმებული ღირებულება. ასეთი მოთხოვნების აღსარიცხავად ანგარიშთა გეგმის მოკლევადიან აქტივების შემადგენლობაში არის სპეციალური ქვეჯგუფი 1800 “დარიცხული მოთხოვნები”. ამ ჯგუფის ანგარიშების დებიტში, შესაბამისი შემოსავლების ანგარიშების (8100) კრედიტთან კორესპონდენციით აისახება მოთხოვნები უკვე გაწეული და ჯერ აუნაზღაურებელი მომსახურებისათვის და რომელთა ანაზღაურება უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდებში.
მაგალითი 18. საწარმომ მოიჯარეს გაუწია საიჯარო მომსაურება იანვრის თვეში, რისთვისაც უნდა მიიღოს შეთანხმებული საიჯარო ქირა 300 ლარი. თვის ბოლოს, გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, მოიჯარეს იჯარის ქირა არ გადუხდია. ვინაიდან მეიჯარემ გასწია საიჯარო მომსახურება და შესაბამისად მიიღო შემოსავალის მიღებისა და გამოყენების უფლება გაწეული საიჯარო მომსახურებიდან, იგი ვალდებულია აღიაროს და ასახაოს მიღებული შემოსავალი, მიხედავად იმისა რომ თანხა არ მიუღია. გატარებას ექნება სახე:

31.01.2011. დებიტი. 1830. მისაღები იჯარის ქირა 300
კრედიტი. 8150. შემოსავალი იჯარიდან 300

როგორც წესი, სატრანსფორმაციო გატარება აისახა ერთ საბალანსო (1830) და ერთ მოგება/ზარალის (8150) ანგარიშზე. იანვრის თვის ფინანსურ ანგარიშგებაში: “მისაღები იჯარის ქირის” 1830 ანგარიშის ნაშთი გადავა ბალანსის მოკლევადიანი აქტივების შემადგენლობაში. ”საიჯარო შემოსავლების” 8150 ანგარიში დაიხურება, ნაშთი გადავა ”საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის” 5330 ანგარიშის კრედიტში და მონაწილეობას მიიღებს იანვრის თვის ფინანსური შედგის ფორმირებაში.
თანხის მიღებისას, მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებში გაკეთდება გატარება:

დებიტი. 1110. სალრო 300
კრედიტი. 1830. მისაღები იჯარის ქირა 300

თანხის მიღებამ – ანგარიშსწორებამ გავლენა არ მოახდინა შემოსავალზე.
დარიცხული ხარჯები. დარიცხულ ხარჯებს მიეკუთვნება ნებისმიერი ხარჯები, რომლებიც გაწეულია მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში, მაგრამ არ არის გადახდილი ფული. ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებში.
მაგალითი 19. საწარმომ იანვრის თვეში გამოიყენა იჯარით აღებულ ქონება, რომლის თვიური საიჯრო ქირა შეადგენს 300 ლარს. გარკვეული მიზეზების გამო, მოიჯარე საწარმოს, რომელმაც ფაქტიურად მიიღო საიჯარო მომსახურება იჯარის ქირა არ გადაუხდია. შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებისა და შესაბამისობის პრინციპის თანახმად, ხარჯები აღიარებული უნდა იქნეს მისი გაწევის მომენტში, იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც ხარჯმა მონაწილეობა მიიღო შემოსავლების მიღებაში, მიუხედვად ანგარიშსწორებისა.
გადაუხდელი ხარჯების აღიარების შედეგად საწარმოს უჩნდება დავალიანების დაფარვის ვალდებულება. ასეთი ვალდებულებები ცნობილია ”დარიცხული ვალდებულებების” სახელით, რომელთა აღსარიცხავად ანგარიშთა გეგმის მიკლევადიანი ვალდებულებების ჯგუფში არის ანგარიშების ქვეჯგუფი 3400 ”დარიცხული ვალდებულებები”.
დარიცხული ხარჯები, მიღებული და აუნაზღაურებული მომსახურებისათვის აისახება შესაბამისი ხარჯების ანგარიშების დებიტში დარიცხული ვალდებულებების ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
განხილულ მაგალითში, მიღებული საიჯარო მომსახურების (რომლისთვისაც ანგარიშსწორება არ მომხდარა) აღიარება და ასახვა მოხდება გატარებით:

31.01.2011. დებიტი 7420. იჯარის ქირა 300
კრედიტი. 3450. გადასახდელი იჯარის ქირა 300

სატრანსფორმაციო გატარება აისახა ერთ საბალანსო (3450) და ერთ მოგება/ზარალის (7420) ანგარიშზე. იანვრის თვის ფინანსურ ანგარიშგებაში: გადასხადელი იჯარის ქირის 3450 ანგარიშის ნაშთი გადავა ბალანსში, მოკლევადიანი ვალდებულებების შემადგენლობაში. “იჯარის ქირის” 7420 ანგარიში დაიხურება, ნაშთი გადავა ”საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის” 5330 ნგარიშის Dდებიტში და მონაწილეობას მიიღებს იანვრის თვის ფინანსური შედგის ფორმირებაში.
მომდევნო საანგარიშგებო პერიდში, დავალიანების დაფარვისას გაკეთდება გატარება:

დებიტი. 3450. გადასახდელი იჯარის ქირა 300
კრედიტი. 1110. სალარო 300

როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშსწორებამ, ფულის გადახდამ გავლენა არ მოახდინა ხარჯებზე.
გადავადებების აღრიცხვის ალტერნატიული მეთოდი. განხილულ მაგალითებში წინასწრ გაწეული ხარჯები დებიტდებოდა და აისახებოდა აქტივების შემადგენლობაში. წინასარ მიღებული შემოსავლები კრედიტდებოდა და აისხებოდა ვალებულებების შემადგენობაში.
ალტერნატიული მეთოდის გამოყენებისას:
ა. წინასწარ გადხდილი თანხები მთლიანად აისახება ხარჯების შემადგენლობაში და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კორექტირდება სატრანსფორმაციო გატარებით.
ბ. წინასწარ მიღებული თანხები მთლიანად აისახება შემოსავლების შემადგენლობაში და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კოტექტირდება სტრანსფორმაციო გატარებით.
მაგალითი 20. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, საწარმომ 25 დეკემბერს წინასწარ გადაიხადა მომავალი წლის პირველი სამი თვის იჯარის ქირა 600 ლარი. ოპერაცია აისახება გატარებით:

25.12. დებიტი. 7420. იჯარის ქირა 600
კრედიტი. 1110. სალარო 600

თვის ბოლოს როდესაც მეიჯარე გასწევს და მოიჯარე მიიღებს ერთი თვის საიჯარო მომსახურებას, გაკეთდება სატრანსფორმაციო გატარება რეალური მდგომარეობის ასასახავად:

31.01.. დებიტი. 1710. წინასწარ ვგადახდილი იჯრა 400
კრედიტი. 7420. იჯარის ქირა 400

მაგალითი 21. აღვრიცხოთ იგივე ოპერაცია მეიჯარისათვის:

25.12. დებიტი 1110. სალარო 600
კრედიტი 8150. საიჯარო შემოსავალი 600

თვის ბოლოს როდესაც მეიჯარე გასწევს და მოიჯარე მიიღებს ერთი თვის საიჯარო მომსახურებას, გაკეთდება სატრანსფორმაციო გატარება:

31.01.. დებიტი. 8150. საიჯარო შემოსავალი 400
კრედიტი. 3120. მიღებული ავანსები 400

როგორც ვხედავთ, ძირითადი და ალტერნატიული მეთოდებით მიღებული შედეგები ერთნაირია.
სამეურნეო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც:
ა. საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს ყველა წლის პროცენტის ერთდროულად გადახდას საკრედიტო ვადის ბოლოს, ძირითად თანხასთნ ერთად.
ბ. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად რამდენიმე წლის იჯარის ქირის გადახდა ხდება ერთიანად, საიჯარო ვადის ბოლოს.
ასეთ შემთხვევებში, იმავე შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების, შესაბამისობისა და საანგარიშგები პერიოდის პრინციპების, ბუღალტრული აღრიცხვის დარიცხვის მეთოდის გათვალისწინებით, საპროცენტო ხარჯი აღიარებული და ასახული უნდა იქნეს ყოველი წლის ბოლოს მთელი საკრედიტო ვადის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ არ ხდება პროცენტის თანხის გადახდა. შესაბამის გატარებას ექნება სახე

31.12. დებიტი 8210. საპროცენტო ხარჯი
კრედიტი. 3410. გადასახდელი პროცენტი

ასეთი გატარება გაკეთდება ყოველი წლის ბოლოს კრედიტის დაფარვამდე. 8210 ანგარიში ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გადავა ხარჯებში, 3410 ანგარიშის ნაშთი ბალანსში.
დაგროვილი გადასახადელი პროცენტის გადახდისას გაკეთდება გატარება

დებიტი 3410. გადასახადელი პროცენტი
კრედიტი 1110. სალარო

როგორც მოსალოდნელი იყო დავალიანების გადახდის ოპერაციამ გავლენა არ მოახდინა საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, შემოსავლებსა და ხარჯებზე.
როდესაც საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მრავალწლიანი იჯარისათვის, იჯარის ქირის გადახდა ხდება ერთიანად, საიჯარო ვადის ბოლოს, ყოველი წლის ბოლოს უნდა მოხდეს საანგარიშგებო წლის საიჯარო ხარჯის აღიარება გატარებით:

31.01. დებიტი. 7420. იჯარის ქირა
დებიტი. 3450. გადასახდელი იჯარის ქირა

ანალოგიური გატარებები გაკეთდება ყოველი წლის ბოლოს, მთელი საიჯარო ვადის განმავლობაში. 7420 ანგარიშის ნაშთი, ყოველი წლის ბოლოს გადავა მოგება/ზარალის ანგარიშში, 3450 ანგარიშის ნაშთი ბალანსში.
საიჯარო ვადის ბოლოს, იჯარის თანხის გადახდისას გაკეთდება გატარება:

დებიტი. 3450. გადასახდელი იჯარის ქირა
კრედიტი. 1110. სალარო.

სატრანსფორმაციო გატარებები საშუალებას იძლევა:
1. დავიცვათ ბუღალტრული აღრიცხვის შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებისა და შესაბამისობის პრინციპები: შემოსავლები აღვრიცხოთ მათ ურთიერთკავშირში_შემოსავლები მიღების, ხარჯები კი გაწევის მომენტში.
2. სწორად შევაფასოთ საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგი და ფინანსური მდგომარეობა.
3. უზრუნველვყოთ სხვადასხვა საანგარიშგებო პერიდების ფინანსური აბგარიშგების შესადარისობა.

Similar Posts