იჯარა
იჯარა სხვისი ქონების დროებით გამოყენებისა და სარგებლობის უფლებაა საზღაურის გადახდით.
შეიძლება იყოს მოკლევადიანი (რენტინგი) საშუალავადიანი (ჰაირინგი) და გრძელვადიანი (ლიზინგი) .
საგადასახადო მიზნებისთვის იჯარა იყოფა 2 ჯგუფად:
- ჩვეულებრივი – მიმდინარე – საოპერაციო იჯარა,
- ფინანსური – კაპიტალური იჯარა ანუ ლიზინგი.
ლიზინგი შეიძლება შეგვხდეთ ისეთი დასახელებითაც როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა და იჯარა გამოსყიდვის უფლებით.
საგადასახადო მიზნებისთვის ლიზინგი განმარტებულია საგადასახადო კოდექსის 8-ე მუხლის 38-ე ნაწილით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით – 576-580 მუხლებით.
ბუღალტრული მიზნებისთვის ლიზინგის საკითხი განხილულია ბასს 17-ში.
სტანდარტის თანახმად:
ფინანსური იჯარა (ლიზინგი, კაპიტალური იჯარა) -გულისხმობს აქტივთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემის მოიჯარეზე -ლიზინგის ამღებზე.
ყველა სხვა სახის იჯარა ითვლება ჩვეულებრივ ( საოპერაციო, მიმდინარე) იჯარად.
როგორც ვხედავთ საიჯარო ურთიერთობების კლასიფიკაცია ეყრდნობა იმას თუ როგორ არის განაწილებული იჯარის გაცემული ქონებასთან დაკავშირებული რისკები და ეკონომიკური სარგებელი მეიჯარესა და მოიჯარეს შორის.
რისკის ქვეშ ნაგულისხმებია:
ა. აქტივის გამოუყენებლობის ან მორალური ცვეთის გამო ზარალის მიღების შესაძლებლობა.
ბ. ეკონომიკური პირობების ცვლილებით გამოწვეული აქტივის გამოყენებით მიღებული ამონაგების სიდიდის ცვლილებით.
იჯარის ტიპის დადგენა (ფინანსური თუ ჩვეულებრივი, კაპიტალური თუ საოპერაციო, მიმდინარე თუ ლიზინგი) დამოკიდებულია საიჯარო ურთიერთობების ბუნებასა და ფინანსური არსზე და არა ხელშეკრულების იურიდიული ფორმაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი ის გარემოებები, რომელიც ადასტურებს ფინანსური იჯარის არსებობას:
ა. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს გადაეცემა (ლიზინგის ამღებს ) აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ;
ბ. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს უფლება აქვს შეიძინოს აქტივი იმ რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასით, რომელიც აქტივს ექნება უფლების გამოყენების მომენტში და ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ეს არჩევანის უფლება იქნება გამოყენებული;
გ. იჯარის ვადა მოიცავს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის ძირითად ნაწილს. საკუთრების უფლების გადაცემა შეიძლება იყოს გათვალისწინებული ან არა;
დ. იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისათვის მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება შეადგენს მინიმუმ, იჯარით გაცემული აქტივის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას;
ე. იჯარით გაცემული აქტივს აქვს სპეციფიკური შინაარსი და იჯარის ამღებს შეუძლია მისი გამოყენება მოდიფიკაციის გარეშე.
გარემოებები, რომლებიც დამოკიდებულად ან სხვა გარემოებებთან კომბინიზაციით განაპირობებს იჯარის კლასიფიკაციას ფინანსურ იჯარად არის:
ა. თუ მოიჯარეს შეუძლია იჯარის შეწყვეტა მას დაეკისრება ზარალი, რომელსაც მეიჯარე (ლიზინგის გამცემი) მიიღებს იჯარის გაუქმების შედეგად;
ბ. ნარჩენი ღირებულების მერყეობის შედეგად მიღებული შემოსავალზე ან ზარალზე პასუხისმგებელია მოიჯარე;
გ. მოიჯარეს შეუძლია გააგრძელოს იჯარა მეორე პერიოდით საბაზო საიჯარო გადასახდელებზე მნიშვნელოვნად ნაკლები საიჯარო გადასახდელით.
იჯარის კლასიფიკაცია ხდება იჯარის ხელშეკრულების დადებისას თუ შემდგომში, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეიცვლება ხელშეკრულების პირობები გადასინჯული ხელშეკრულება განიხილება ახალ ხელშეკრულებად.
მოიჯარის ბალანსში ფინანსური იჯარა აღიარებული უნდა იქნას აქტივის და შესაბამისი ვალდებულების სახით. აქტივისა და ვალდებულების შეფასება ხდება
საიჯარო ქონების რეალური ღირებულებით საიჯარო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისათვის.
თუ აქტივის და შესაბამისი ვალდებულების საბალანსო თანხა უნდა განისაზღვროს მინიმალურ საიჯარო გადასახდელების მიმდინარე ღირებულებით, მინიმალური საიჯარო გადასახდელაბის მიმდინარე ღირებულების გამოანგარიშებისას დისკონტირების ფაქტორის გათვალისწინება ნიშნავს:
საიჯარო ხელშეკრულების საპროცენტო განაკვეთის გამოყენებას თუ მისი დადგენა პრაქტიკულად შესაძლებელია, ხოლო თუ საიჯარო კონტრაქტის საპროცენტო განაკვეთის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია – ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებას.
ლიზინგის ასახვა ლიზინგის ამღების ანგარიშგებაში ეფუძნება შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიზინგით აღებული ქონება არ წარმოადგენს ლიზინგის ამღების საკუთრებას იგი სრულად აისახება ლიზინგის ამღების აქტივების – ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში.
თუ ასეთი სახის იჯარა არ არის ასახული მოიჯარის ბალანსში ეს ნიშნავს, რომ შემცირებულია საწარმოს რესურსები, ვალდებულებები და შესაბამისად საწარმოს ფინანსური ანგარიშგება რეალურად არ ასახავს საწარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. თუ ბალანსში ვალდებულებები აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან ვალდებულებებად ასევე უნდა გაიმიჯნოს საიჯარო ვალდებულებები.
საიჯარო გადასახდელები უნდა განაწილდეს დარიცხული ფინანსური ხარჯებისა და გადაუხდელი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად. ფინანსური ხარჯები იჯარის მთლიან ვადაზე ისე უნდა განაწილდეს, რომ წარმოიქმნას მუდმივი პერიოდული საპროცენტო განაკვეთი თითოეულ საანგარიშგებო პერიოდის ვალდებულებების ნაშთის მიმართ.
ფინანსური იჯარა ფინანსური ხარჯებთან ერთად წარმოშობს აქტივის ცვეთის ხარჯებს ყოველ საანგარიშგებო პერიოდში. იჯარით გაცემული აქტივების მიმართ მოიჯარის მიერ გატარებული ცვეთის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს საკუთარი აქტივების მიმართ გამოყენებული ცვეთის დარიცხვის პოლიტიკას.
ყოველ საანგარიშგებო პერიოდში საიჯარო აქტივის ცვეთის თანხა სისტემატურად უნდა განაწილდეს იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც
ნავარაუდებია აქტივის გამოყენება მოიჯარის მიერ საკუთარი ცვეთადი აქტივის მიმართ გატარებული ცვეთის დარიცხვის პოლიტიკის შესაბამისად.
იჯარის ასახვა მეიჯარის ფინანსური აღრიცხვაში ფინანსური იჯარისათვის განკუთვნილი აქტივი მეიჯარემ უნდა ასახოს ბალანსში ძირითადი საშუალებების შემცირების და დებიტორულ დავალიანებების – მისაღები მოთხოვნების სახით.
ფინანსური იჯარის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია საიჯარო აქტივის იურიდიულ ფლობასთან დაკავშირებულ ყველა რისკისა და ეკონომიკურ სარგებლის გადაცემა მოიჯარისათვის.
ამგვარად, მისაღები საიჯარო გადასახდელი მეიჯარის პოზიციიდან განიხილება, როგორც ძირითადი თანხის დაფარვა და გარკვეული ფინანსურ შემოსავლის მიღება, როდესაც მას აუნაზღაურდება და ეკონომიკურ სარგებლის სახით დაუბრუნდება გაწეული საიჯარო მომსახურება.
მეიჯარეებმა ლიზინგის გაცემის შედეგად მიღებული მოგება და ზარალი უნდა შეიტანონ საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლების და ხარჯების შემადგენლობაში საწარმოში მიღებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად. თუ ლიზინგის აღრიცხვისას გამოყენებულია ხელოვნურად შემცირებული საპროცენტო განაკვეთი, შემოსავლები აღიარებულ უნდა იქნეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთით.
იჯარის გაცემასთან დაკავშირებული თავდაპირველი პირდაპირი ხარჯები აღიარებული უნდა იქნეს ხარჯის სახით მოგება-ზარალის ანგარიშგებაში იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე.
ჩვეულებრივი იჯარა მეიჯარის ანგარიშგებაში.
ჩვეულებრივი იჯარის დროს საიჯარო გადასახდელები საიჯარო ვადის განმავლობაში აღიარებულ უნდა იქნეს ხარჯად. იჯარის გამცემმა მიღებული საიჯარო გადასახდელები უნდა ასახოს საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლების შემადგენლობაში საიჯარო ვადის განმავლობაში. იჯარიდან მიღებული შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯები ცვეთის თანხით აღიარებულ უნდა იქნეს ხარჯებად (დაზღვევის, რემონტების).
უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციები .
აქტივის უკუიჯარით გაყიდვის ოპერაცია გულისხმობს აქტივის გაყიდვას და გამყიდველის მიერ იმავე აქტივის უკან დაბრუნებას იჯარის გზით. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში საიჯარო ქირა და აქტივის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება მოლაპარაკებით და არ არის აუცილებელი, რომ ისინი შეესაბამებოდეს აქტივის რეალურ ღირებულებას. აქტივის გაყიდვისა და მისი იჯარით უკან დაბრუნების ოპერაციის აღრიცხვის წესი დამოკიდებელია იჯარის ტიპზე. თუ აქტივის უკუიჯარით გაყიდვა წარმოადგენს ფინანსურ იჯარას, იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც მეიჯარის მიერ მოიჯარის დაფინანსების ოპერაცია სადაც იჯარით გაცემულ აქტივი წარმოადსგენთ გაცემულ სესხის გარანტიას. ამასთან არ არის მიღებული აქტივის სარეალიზაციო ღირებულებასა და საბალანსო ღირებულებას შორის დადებითი სხვაობის აღიარება შემოსავლის სახით. თუ ასეთ სხვაობის აღიარება ხდება, იგი აისახება გადატანილი შემოსავლების სახით და ჩამოიწერება იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
თუ აქტივის უკუიჯარით გაყიდვა წარმოადგენს ჩვეულებრივ იჯარას და საიჯარო ქირა და სარეალიზაციო ფასი შეესაბამება ერთმანეთს ასეთი ოპერაცია ჩაითვლება ჩვეულებრივ რეალიზაციის ოპერაციად და შემოსავლები და ხარჯები მიეკუთვნება შესაბამის საანგარიშგებო პერიოდს.