Select Page

საქართველო ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას განახორციელებს ნებისმიერი კომპანია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ცვლილება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ე.წ. „სამ მოდულის” (SAM MODUL) გამოყენებით. „სამ მოდული“ მიზნად ისახავს საკონტროლო სალარო აპარატებისათვის ერთიანი სტანდარტისა და უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების (N34112) შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა „სამ მოდულის“ აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25” მოდელის საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის რეალიზაციასა და მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „კასა ჯი“. შესაბამისად ბაზარზე გაჩნდა მეორე კომპანია რომელიც ახორციელებს საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას. აღნიშნულ კომპანიას აქვს ოფისები თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე იგეგმება საქართველოს სხვა რეგიონებშიც მათი გახსნა.
2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატების ბაზარზე მონოპოლისტური გარემო იყო ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ოპერირებდა მხოლოდ ერთი კომპანია -„ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ რომელიც ახორციელებს ბულგარული კომპანია „დეიზი ტექნოლოჯის“ მიერ წარმოებული სალარო აპარატების რეალიზაციასა და მომსახურებას.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო სალარო აპარატი შემოსავლების აღრიცხვისა და საგადასახადო კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით გამოიყენება და სავალდებულოა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა

Share This